Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


სომხეთს საქართველოსთან სრული ურთიერთგაგება აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა თბილისში, თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. სომეხი მინისტრის თქმით, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სადაც გაგრძელდა ის საუბარი, რომელიც ჯერ კიდევ ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის დროს დაიწყო, რაც, ნალბანდიანის შეფასებით, ძალიან წარმატებული იყო. "ჩვენ დღეს გავაგრძელეთ საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ შეთანხმებების რეალიზება, რომელიც იქნა მიღწეული მაღალი დონის შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის დროს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს ნამდვილად თბილ გარემოში ჩატარდა, ისევე, როგორც ერევანში. მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება და ყველა საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, მოგვარებადია", - აღნიშნა ნალბანდიანმა. ხვალ და ზეგ თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური მინისტერიალი ტარდება, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრი ქვეყანა მონაწილეობს. ფანჯიკიძის განმარტებით, მინისტერიალი ხვალ შუადღეზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
XS
SM
MD
LG