Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გაბუნია: ყოფილი მაღალჩინოსნების ხელფასების გასაზრდელად ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გაიცა


ყოფილი მაღალჩინოსნების ხელფასის გასაზრდელად შპს "სინათლის ქალაქისთვის" თბილისის საკრებულოსთან შეუთანხმებლად ბიუჯეტიდან გაიცა 800 ათასი ლარი - ამის შესახებ საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ. მან წარადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმად, 23 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერის გიგი უგულავას ინიციატივითა და მისი მოადგილის დავით ალავიძის ხელმოწერით, "სინათლის ქალაქს" ბიუჯეტიდან კონკრეტული დანიშნულების გარეშე დაემატა 800 ათასი ლარი. გაბუნიას ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზანია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დანიშნული ხელფასის 2500 ლარის გაზრდა 5 ათას ლარამდე. ზაზა გაბუნიას ცნობითვე, სამეთვალყურეო საბჭოში არიან იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი, სპორტის და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი. საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებითვე, ხელფასი 5 ათას ლარამდე გაუზარდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დაასაქმეს. ზაზა გაბუნიამ თბილისის მერი პარტიული ინტერესებისათვის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის პრაქტიკის გაგრძელებაში დაადანაშაულა და მის აღსაკვეთად რეაგირება საგამოძიებო სტრუქტურებს მოთხოვა.
XS
SM
MD
LG