Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოს ეწვევიან


"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ეწვევიან - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშენკომ "ინტერფაქსს" განუცხადა, ქართულმა მხარემ სანიტარული ზედამხედველობის სამსახურს დამატებითი დოკუმენტები უნდა წარუდგინოს. მისი თქმით, ეს ეხება საწარმოებს, რომლებიც მზად არიან რუსეთის ინსპექციის მისაღებად. "თუ ისინი ორშაბათს მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოგვიდგენენ, ორი დღის განმავლობაში განვიხილავთ, შემდეგ კი, მზად ვიქნებით საქართველოში ჩასასვლელად, თუმცა გამგზავრების თარიღი ჯერ დასაზუსტებელია", - აღნიშნა ონიშენკომ.
მისივე განმარტებით, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ქართულ მხარეს მანამდე გადასცა 31 საწარმოს სია, რომლებიც მზად არიან, რუსეთის ბაზარზე მინერალური წყალი და ღვინო შეიტანონ. ონიშენკოს თქმით, საწარმოებმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია თავის დროზე წარადგინეს, თუმცა ქართულმა მხარემ ამ სიიდან ექვსი საწარმო ამოიღო და ეს ფაქტი მათი გაუქმებითა და კონტროლის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით ახსნა.
ამასთან, ონიშენკომ "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ქართულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია "ინსპექციის მარშრუტი, რომელშიც ყველა მინერალური წყალი, მათ შორის, "ნაბეღლავი" და "ბორჯომი" შევიდა".
XS
SM
MD
LG