Accessibility links

logo-print

საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანს ელოდებიან


საქართველოში ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამის შესახებ ჟურნალისტენთან საუბარში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც 19 თებერვალს ბრიუსელში მიემგზავრება, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ყოველწლიურ შეხვედრაზე. სხვა საკითხებთან ერთად, ბრიუსელში საბოლოოდ დაზუსტდება საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის თარიღი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში ნატომ გააუქმა ალიანსის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ორგანოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებმა სამხედრო მაღალჩინოსნების - გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ შამათავას - დაკავების ფაქტს დაუკავშირეს. ამ ფონზე, ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მოსალოდნელი ვიზიტით საქართველოს ახალი ხელისუფლება კმაყოფილია. "ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოს თანამონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ისე თავად ღირებულებას, რასაც ნატოსთვის საქართველო, როგორც ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყანა წარმოადგენს", - განაცხადა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG