Accessibility links

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებულმა ვიდეომასალამ ხმაური გამოიწვია


დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ 20 თებერვალს დაკითხავენ. ფირცხალავამ სამშაბათს მთავარ პროკურატურაში დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც მალევე გაავრცელა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა.
ვიდეომასალა ასახავს 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიის წინ განვითარებული მოვლენების ფრაგმენტს. დასაწყისში ისმის გასროლის ხმა და, სავარუდოდ, სწორედ ამ ტყვიამ იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. კადრებში ასევე ჩანან მიწაზე დაწვენილი ახალგაზრდები, რომლებიც პატრულის მიერ გაჩერებულ ავტომანქანაში ბუტა რობაქიძესთან ერთად იმყოფებოდნენ. პოლიციელები უშვერი სიტყვებით მიმართავენ და ფიზიკურადაც კი უსწორდებიან ახალგაზრდებს, რომლებიც, გავრცელებული კადრების თანახმად, წინააღმდეგობას არ უწევენ სამართალდამცველებს. ისმის პატრულის თანამშრომლების შეძახილები, რომ ავტომანქანაში იარაღია და შემდეგ კადრშიც ჩანს ავტომატური იარაღი, რომელიც ავტომობილის წინა სავარძლის ქვეშ არის მოთავსებული. კადრში ასევე ჩანს სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ უთხრა ჟურნალისტებს 19 თებერვალს, მთავარი პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ და ამის დასტურად წარუდგინა მან გამოძიებას დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა. ”ძალიან ბევრი კითხვა გვექნება ჩვენც იმ ადამიანებთან, ვინც კადრებში ჩანან და ამ შენობაში შესვლისა და გამოსვლის დროს აფიქსირებენ ჩვენებებში, რომ მათ იარაღები არ უნახავთ”, - უთხრა ირაკლი ფირცხალავამ ჟურნალისტებს. მის მიერ მთავარ პროკურატურაში მიტანილ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებენ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა - სოსო რობაქიძე და და დედა - ია მეტრეველი. ია მეტრეველის თქმით, ეს ყველაფერი გამოძიებისთვის გზა-კვალის ასარევად ხდება და სასტიკი მოძალადეები იქეთ ედავებიან მსხვერპლს. მთავარი პროკურატურა დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს. როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოძიებამ აქამდე არაფერი იცოდა ირაკლი ფირცხალავას მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის შესახებ. ხოლო იმის დასადგენად, შევა თუ არა კორექტივები მიმდინარე გამოძიებაში, არჩილ კბილაშვილის თქმით, ჯერ ვიდეომასალის ნამდვილობა უნდა დადასტურდეს.
XS
SM
MD
LG