Accessibility links

ODIHR-მა დაიწყო დაკვირვება საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) დაიწყო დაკვირვება საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე. ოფისის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პირველი ასეთი პროცესი თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინასასამართლო მოსმენა იყო - რომელსაც, სხვა ბრალდებულებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო დაკავება, წამება და ძალაუფლების გადამეტება. საქმის წინასწარი მოსმენა 20 თებერვალს გაიმართა და 28 თებერვლისთვის გადაიდო. „სასამართლო პროცესზე დაკვირვება ძლიერი მექანიზმია სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საშინაო და საერთაშორისო გარანტიების ხელშეწყობისთვის“ – ამბობს ODIHR–ის დირექტორი იანეშ ლენარჩიჩი ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში და დასძენს: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მონიტორინგი საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას“. ცნობაში ასევე ვკითხულობთ, რომ ODIHR–ის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი შეისწავლის ადგილობრივ კანონმდებლობას და სასამართლო პროცედურებს იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ისინი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს. შემდეგ ჯგუფი გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ყველა ნაკლოვანება და გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები, რათა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეუთოს სტანდარტებთან მოვიდეს შესაბამისობაში.
XS
SM
MD
LG