Accessibility links

logo-print

სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის თარიღი კვლავ დავის საგანია


პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ ექნება, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. თუმცა, უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის უმრავლესობა კვლავ მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა გაიზიაროს შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილს. „პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ გექნებათ, თუმცა, თქვენი გამოსვლა იქნება ცარიელ კედლებში თუ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე - მზად ხართ თუ არა პარლამენტს დაუბრუნოთ საკუთარი უფლებამოსილება", - მიმართა პრეზიდენტს დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა კი, პარლამენტის თავმჯდომარის ეს მიმართვა „დიალოგზე უარის თქმად შეაფასა.“ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული პოზიცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. „ დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები და მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუ პარლამენტს საუბარი არ სურს, როგორ შედგება დიალოგი. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკითხება ერთადერთი რამ – უარი დიალოგს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. ამასთან, პრეზიდენტის სახელით ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება და პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტის ტრიბუნიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალებას მისცემს.
XS
SM
MD
LG