Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 27 თებერვალი


დღევანდელ პრესაში განხილვის მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტისადმი მიმართვაა: ”რეზონანსი - ”კრიტიკული ზღვარი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის”; ”ვერსია” – ”პრეზიდენტის სახიფათო თამაში”; ”ყველა სიახლე” – ”ბოლო წინადადება. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მიხეილ სააკაშვილისადმი. მახვილი აღმართულია! როდის გაკვეთენ გორდიას კვანძს?”; ”ახალი თაობა“ – „ივანიშვილმა სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენა. გარისკავს თუ არა პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას?”; ”24 საათი“ – „ულტიმატუმი თუ პოლიტიკური დიდსულოვნება?”.

თითქმის ყველა გაზეთი აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. ყურადღება მახვილდება ტექსტის იმ ნაწილზე, სადაც პრემიერი პრეზიდენტს მკაფიო პასუხს სთხოვს: ”უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას”. ”რეზონანსს” პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ უთხრა, რომ ”ივანიშვილის შეთავაზება მათთვის [”ნაციონალური მოძრაობისთვის”] ყველაზე ცუდი შეთავაზება არ არის. თუ ისინი მართლა ფიქრობენ, რომ კონსენსუსის მიღწევა შეიძლება, მაშინ წინადადება უნდა მიიღონ”. ამავე სტატიაში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას მოსაზრებებსაც გაეცნობით: ”ორივე მხარე საკუთარ ძალებშია დარწმუნებული, თუმცა ჩანს, რომ ორივეს აქვს ერთმანეთის მიმართ შიში. ივანიშვილის მესიჯი მიდის იქამდე, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კოჰაბიტაციის შეუძლებლობა აჩვენოს”.

”ვერსიის” ავტორი წერს: ”თუ საპარლამენტო უმცირესობასა და, ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული რღვევის პროცესს გავაანალიზებთ, სავარაუდოდ, პრემიერის ამ მესიჯის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიხლიჩება და უმრავლესობა პრემიერის კითხვას სახელმწიფოს სასარგებლოდ გასცემს პასუხს”. ”ვერსიაშივე” დღეს თბილისის საკრებულოს წევრ ნიკო ხაჩირაშვილთან ინტერვიუა. მან ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ფრაქციის თვმჯდომარეობა და ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვა: ”ყველას ვეკითხები, მათ შორის, ყოფილ თანაგუნდელებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბინძური ფარული ჩანაწერებით დამაშანტაჟეს: არ მქონდა უფლება ”ნაციონალური მოძრაობა” დამეტოვებინა?”.

და კვლავ 19 აპრილის მოლოდინი და პროგნოზები: ”ახალ თაობას” მამუკა არეშიძე ეუბნება: ”როდესაც მე ვთქვი, რომ კულმინაციური მომენტი იქნება 19 აპრილი, ეს იქნება აქციათა და ღონისძიებათა ჯაჭვი, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას 19 აპრილისთვის მოამზადებს, ჩემმა კოლეგებმა, მათ შორის ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, ერთი ამბავი ატეხეს, ამის არანაირი რესურსი არა აქვს ”ნაციონალურ მოძრაობასო”. მე ხაზგასმით ვამბობ, რომ აქვს რესურსი. მას არა აქვს ელექტორატის რესურსი, ხალხის რესურსი არ აქვს, ხოლო ფინანსური და საორგანიზაციო რესურსი ნამდვილად აქვს. ასევე აქვს მხარდაჭერა დასავლეთიდან”.

”საქართველოს რესპუბლიკა”, ინტერვიუ კახა კუკავასთან: ”ყველაზე რეალური სცენარი, რასაც გეგმავს ”ნაციონალური მოძრაობა”, არის ის, რომ 19 აპრილის მოვლენები გადაიზარდოს პოლიციასთან შეტაკებაში, რის შემდეგაც სააკაშვილს ლეგიტიმური უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი. ეს არის მათი მთავარი გეგმა”.

”ყველა სიახლე” აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაში სუსტი წერტილის შესახებ, გეგეშიძე ასე პასუხობს: ”სუსტი წერტილი არა, მაგრამ ერთგვარი სირთულე, რაც ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეიძლება ახლდეს, არის ის არასახარბიელო ფონი, რომელიც შეიქმნა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როცა ყოფილი ოპოზიციური და დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა მედიის ნაწილისა და ოპონენტების მიერ წარმოჩენილი იყო როგორც პოტენციურად ანტიდასავლური და უფრო პრორუსული. ეს ჯერ კიდევ შეინიშნება ვაშინგტონის პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ზოგიერთ სეგმენტში და ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო”.

”24 საათიდან” მკითხველი შეიტყობს, რომ დაიწყო განაცხადების მიღება თეატრალური პრემიის, ”დურუჯის” ლაურეატების გამოსავლენად ხუთ ნომინაციაში. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია განაცხადების წარდგენისთვის აუცილებელი პირობები და დოკუმენტები, აღწერილია გამარჯვებულების გამოვლენის პროცედურაც. ”დურუჯის” კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 31 მარტს იწურება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG