Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: „თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან“


თბილისის მერი, გიგი უგულავა, მისთვის წაყენებულ ბრალდებებს თბილისის მუნიციპალიტეტზე კონტროლის დასამყარებლად მმართველი პარტიის ბრძოლის ნაწილად მიიჩნევს. უგულავა საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობას, რომ გამოტანილია დადგენილება მისთვის ბრალდების წაყენებაზე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) გამო. გიგი უგულავამ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ თავის პირველ მოადგილედ დანიშნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი სევდია უგრეხელიძე, ხოლო მოადგილის პოსტი შეთავაზა ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს. "თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან... თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე ვიყავი ომში და მზად ვარ კიდევ წავიდე; თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ციხეზე, მე მზად ვარ, ასევე, წავიდე ციხეში; თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მზად ვარ წავიდე ამაზე, მაგრამ შიზოფრენიულ, გიჟურ, ჩანასახოვან დიქტატურას არასდროს არ შევეგუები", - განაცხადა გიგი უგულავამ. თბილისის მერი 23 თებერვალს 14 საათზეა დაბარებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს - გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით გახსნილია იმჟამინდელი ხელისულების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორცვიელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავაა. მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხის გამოყენებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობისთვის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც უგულავა იყო.
XS
SM
MD
LG