Accessibility links

სააკაშვილი: „არაფერი ისე ძვირი არ ღირს, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა"


პირველი არხის პროგრამა „აქცენტებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა იმისთვის, რომ იგი მასზე ყოფილიყო მორგებული. "მე არაერთხელ ვთქვი, რომ საქართველოში იქნება ხელისუფლების ცვლა, ვაპირებდი საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას" - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა მისივე თქმით, ის ამას ხმამაღლა არ ამბობდა იმის გამო, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო მისი პოლიტიკური გუნდის მარცხის საფუძველი. ბევრ სხვა თემასთან ერთად, პრეზიდენტი ფარული ჩანაწერების საკითხსაც შეეხო. სააკაშვილის თქმით, ახალი მთავრობის პირობებში რამდენიმე ფაქტი დაგროვდა, როდესაც ადამიანებს აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით. პრეზიდენტის განცხადებით, მისი მმართველობის პირობებში, ის მკაცრად აკონტროლებდა ასეთ ფაქტებს და რუსეთის სპეცსამსახურის აგენტის შემთხვევაშიც კი დაუშვებლად მიაჩნდა ასეთი სახის ვიდეოების გადაღება. "ჩაგვივარდა ხელში ეს. იღებდნენ ოთახს და მოხდა რაღაცა. ვუთხარი, დაუყოვნებლივ წაშალეთ. რუსეთის აგენტებზეც არ გვჭირდება ეს. დაუყოვნებლივ წაშალეთ. არ შეიძლება რომ ეს ჩვენთან ინახებოდეს. თუ ვინმე ამას აკეთებდა, თავი მოძვრებოდა. და ეს ყველამ იცოდა“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „არაფერი ისე ძვირი არ ღირს როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა". სააკაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნდებოდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.
XS
SM
MD
LG