Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორი: უგულავას „მოსალოდნელი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და მაღალი“


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. უგულავასგან პროკურატურა ერთ მილიონ ლარს ითხოვს. ამასთან ერთად თბილისის მერისგან მოითხოვენ გაუსვლელობის ხელწერილს და კვირაში ერთხელ მერის პოლიციაში გამოცხადებას. სასამართლოს მიმართეს ასევე უგულავასთვის უფლებამოსილებს შეჩერების მოთხოვნით. სასამართლო საქმეს ხვალ განიხილავს. საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ტელეარხ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა, რომ გირაოს სახით მოთხოვნილი თანხა ადეკვატურია უგულავას მიმართ წაყენებული ბრალდებების თანხებთან, რაც ერთობლიობაში 20 მილიონზე მეტია. თბილისის მერ გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი გუშინ ოფიციალურად წარუდგინა, თუმცა დედაქალაქის მერმა დუმილის უფლება გამოიყენა და შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა. გამოძიება თბილისის მერ გიორგი უგულავას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. არჩილ კბილაშვილმა შაბათ საღამოს „რუსთავი ორს“ უთხრა, რომ მოსალოდნელი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და მაღალი, ამიტომ არსენობს რისკიც, რომ ეჭვმიტანილი გამოძიებას დაემალოს. თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნის ფაქტი კბილაშვილმა ასევე დაადასტურა და დააზუსტა, რომ ეს ეხება არჩეულ თანამდებობის პირსაც. კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმეში ბრალი არ წერდგენია სხვა ეჭვმიტანილს, დავით კეზერაშვილს, შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების საკითხი არ დამდგარა მის მიმართ. დავით კეზერაშვილი პატიმრობა შეფარდებულია სხვა საქმეზე, თქვა მთავარმა პროკურორმა. რაც შეეხება პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვას, ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა შესაძლებელია, თქვა არჩილ კბილაშვილმა.
XS
SM
MD
LG