Accessibility links

logo-print

პაკისტანში პოლიციელი მოკლეს ვაქცინაციის ჯგუფზე თავდასხმისას


პაკისტანში მოკლეს პოლიციელი, რომელიც იცავდა პოლიომიელიტის ვაქცინაციაში მონაწილე პირებს. ინციდენტი დღეს მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. ამ პროვინციის მარდანის რაიონში პოლიომიელიეტის საწინააღმდეგო პროგრამაზე პასუხისმგებელი პირი, დოქტორი აბდულ ვაჰაბი ინციდენტის შესახებ ესაუბრა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს: „ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი სოფელ ხავაში მუშაობდა. ჯგუფი და-ძმისაგან შედგება. როცა სოფლიდან გადიოდნენ, მათ სროლა დაუწყო ორმა დაუდგენელმა პირმა. ჯგუფის წევრებმა გაქცევა შეძლეს, მაგრამ ადგილზე დაიღუპა მათი მცველი პოლიციელი“. დოქტორი ვაჰაბი ამბობს, რომ პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანია არ შეუწყვეტიათ ამ თავდასხმის შემდეგ. პაკისტანში იანვარში შეაჩერეს ვაქცინაცია მას შემდეგ, რაც ამ პროგრამაში მონაწილეებზე თავდასხმებს, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი შეეწირა. დღევანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია თალიბანის უარყოფითი დამოკიდებულება კამპანიის მიმართ. თალიბანი ირწმუნება, რომ კამპანიას ჯაშუშობისათვის და მუსლიმების სტერილიზაციისათვის იყენებენ.
XS
SM
MD
LG