Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანული და სომხური სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრობს


საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს. სააკაშვილის თქმით, რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიხოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკბეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს. "მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“, - სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ამის თაობაზე ბაქოდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სადიხოვი გარდაბნელია და იგი იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. „რამდენიმე დღის წინ ე.წ ამნისტიით გაშვებულმა ჩახალიანმა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით "რედისონში" მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე, ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ! მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგიონული კოორდინაცია მართებს, ბევრი რამ გასააზრებელი და დასალაგებელია.
XS
SM
MD
LG