Accessibility links

მთავრობაში შემაშფოთებელი უწოდეს ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას


საქართველოს მთავრობაში შემაშფოთებელი და არასახელმწიფოებრივი უწოდეს ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. გასულ ღამით თბილისის აეროპორტში პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციის გამოყენებით“ რუსეთი აზერბაიჯანისთვის ამზადებს იმავე სცენარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას. სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის, პრეზიდენტის მიმართ საქართველოს მსგავსი სცენარით საბრძოლველად რუსეთში შეიქმნა დიასპორა რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის ალეკპეროვის მონაწილეობით და ”ვინმე სადიკოვის” მეთაურობით. ”სადიკოვი არის გარდაბნელი და ამ სადიკოვმა ერთდროულად განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან კვლავ განაცხადა, რომ ჯავახეთის ავტონომიას უკვე რამდენიმე წელია ითხოვს ამნისტიით გათავისუფლებული ჩახალიანი და დასძინა, რომ ეს ყველაფერი 90-იან წლებს ახსენებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯავახეთის და ქვემო ქართლის ავტონომიაზე ბოლო 8 წელი საუბარი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG