Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრაღის შეხვედრა „კონსტრუქციულ ხასიათს“ ატარებდა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გამოხმაურება 1 მარტს პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის. განცხადების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე სფეროში მოხდა პოზიტიური ძვრები და შედგა კონტაქტები მაღალ დონეზე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლა, დავოსში ხანმოკლე შეხვედრა შედგა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელს, დმიტრი მედვედევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძნა ივანიშვილს შორის. სტრასბურგში ორი ქვეყნის საპარლამენტო წრეების წევრები შეხვდნენ ერთმანეთს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სხვა საკითხებს შორის პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების, საჰაერო ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და მოქმედი სავიზო რეჟმის შემსუბუქების შესაძლებლობა. „საერთო ჯამში შეხვედრა კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა და რამდენიმე პრაქტიკული საკითხის გარშემო წინსვლის საშუალება შექმნა. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა მაისის ბოლოს ან ივნისში გაიმართება“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG