Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა


თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „საინტერესო“ უწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრა შეხვედრისათვის“. პრეზიდენტის განმარტებით, "საინტერესო" ნიშნავს იმას, რომ ხედვებში ფუნდამენტური განსხვავებებია, მაგრამ ერთმანეთისათვის პოზიციების გაცნობის სირთულის მიუხედავად, სწორია ასეთი შეხვედრების გამართვა. პრეზიდენტმა თავის პირველ მთავარ მოთხოვნად დაასახელა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სასამართლო, მეორე - უნდა შეწყდეს ზეწოლა მედიაზე და მესამე - არ უნდა ხდებოდეს, პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქის მასობრივი დევნა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ არიან გარკვეული პოლიტიკური პარტიის წევრები. პრეზიდენტი შეეხო მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებასაც, რომელიც კრიტიკის საგანია: „ყოველგვარი სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მე შეიძლება გამოვიყენო პრეზიდენტის არსებული უფლებამოსილება და დავითხოვო საქართველოს მთავრობა, ან დავითხოვო საქართველოს პარლამენტი, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. იმიტომ, რომ ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ. მოგვიანებით განცხადება გააკეთა ივანიშვილმაც. მან სააკაშვილთან საუბარი შეაფასა, როგორც „შეხვედრა შეხვედრისათვის“ და, ამასთან, გამოთქვა მზადყოფნა, გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანაში არ განვითარდეს კრიზისი. „ეს იყო ჩემი თხოვნაც და მოთხოვნაც, თუ გნებავთ, მაგრამ მოთხოვნას მე არ დავარქმევდი, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს რეალობაში და მან ანგარიში გაუწიოს საქართველოს საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში და მათ ესაუბროს, მათ ენაზე ესაუბროს და მათ გასაგონად მოიქცეს და მათ დასანახად მოიქცეს“, - განაცხადა ივანიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG