Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი აპროტესტებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას


„ჩვენ გვაინტერესებს, თუ რას ეფუძნებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ეს კი არ განმუხტავს კრიზისს საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამედ კიდევ უფრო აღრმავებს მას და ამცირებს ნდობას სამეურვეო საბჭოს მიმართ“, - ამის თაობაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის სახით ჟურნალისტმა გოგა ჩართოლანმა განაცხადა. ჟურნალისტებმა აღნიშნეს ისიც, რომ მათ ამ პრობლემაზე საუბრის საშუალება არ მიეცათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ორშაბათს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უფლებამოსილება შეუჩერა არხის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს. ცნობების თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრები თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მან ვერ შეძლო არხზე შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა. თავად გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას „უსამართლო და უკანონო“ უწოდა. მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა დადგეს საბჭოს წევრთა პასუხიმგებლობის საკითხი.
XS
SM
MD
LG