Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამცხე-ჯავახეთში ბარათების დარიგება ჯერ არ დაწყებულა


სამცხე–ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო ბარათები ადგილობრივებს ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ გლეხები სახელმწიფოს დახმარებით მალე ისარგებლებენ. მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ღირებულება სულ 180 მილიონია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიანი ფერმერებისთვის ორი ტიპის პაკეტი შემუშავდა. სახელმწიფო, ჯამში, 640 ათასზე მეტ იმ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, რომლებსაც 5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აქვთ. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ამბობს, რომ დახმარება დროული იყო, რადგან მათ მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად ფინანსები არ გააჩნიათ.

აღრიცხული ნაკვეთების ძირითადი სიები ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. ამ დროისათვის დამატებითი სიების დაზუსტება მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ალექსი კოსტანიშვილის განმარტებით, ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, 510 ლარის ღირებულების ბარათები ორი კომპონენტისაგან შედგება. 210 ლარი ნიადაგის ხვნისა და გაფხვიერებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 300 ლარი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად. ამ ბარათებს ის ფერმერებიც მიიღებენ, ვისაც მრავალწლიანი ნარგავები აქვთ. ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლის, პავლე გიქოშვილის აზრით, ბარათების დარიგება დაგვიანდა.

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას ადიგენის მუნიციპალიტეტშიც ელოდებიან. უამინდობის გამო დაბაში საგაზაფხულო სამუშოები ჯერ არ დაწყებულა. პირველ ეტაპზე მხოლოდ კომბინირებული ბარათები, მეორე ეტაპზე კი ნომინალური ბარათები დარიგდება, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში თამაზ ქველაძე.

ნომინალური ბარათების გაცემა, რომლითაც ფერმერები საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ბარათების დარიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG