Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკურსი გამოცხადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე


ვაკანტურია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა, რომლის დასაკავებლად სამეურვეო საბჭომ დღეს კონკურსი გამოაცხადა. გენერალური დირექტორობის მსურველებმა საბჭოს შესაბამისი დოკუმენტებით 14 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ. კონკურსის გამოცხადებამდე სამეურვეო საბჭომ 4 მარტს, საღამოს თანამდებობიდან გაათავისუფლა მის მიერვე შარშან 26 დეკემბერს არჩეული გიორგი ბარათაშვილი, რომელმაც თავის მხრივ 1 მარტს გაათავისუფლა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი და მას მრჩევლობა შესთავაზა. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ბერძენიშვილის განცხადება პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, ბარათაშვილის მიერ ამ ბრალდების უარყოფა და სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომლის შედეგად გენერალური დირექტორი დაითხოვეს. მთავარ მიზეზად საბჭომ ის დაასახელა, რომ ფორმა, რომლითაც ბერძენიშვილის და ბარათაშვილის ”კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს და მის შიდა სტაბილურობას” და ”მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი.”
XS
SM
MD
LG