Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა


ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა პრეზიდენტ უგო ჩავესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 58 წლის ჩავესი სამშაბათს გარდაიცვალა კიბოს ორი წელი მკურნალობის შემდეგ. ის 14 წელი იდგა ხელისუფლების სათავეში და აღიარებული იყო ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მემარცხენე ლიდერად. ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოვიდა მოწოდებით, რომ ვენესუელამ უერთგულოს ჩავესის პოლიტიკურ კურსს. „ეს პირველი საათები თავს დაობლებულად ვგრძნობთ, რადგან დაგვაკლდა მისი ღიმილი, მისი ხელმძღვანელობა, მისი სიტყვა, მისი ხმა“, აღნიშნა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა. რეგიონში ჩავესის მოკავშირეები „დიდ დანაკარგად“ მოიხსენიებენ მის სიკვდილს, კუბაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვენესუელელ ხალხს მიუსამძიმრა და გამოთქვა ვაშინგტონის დაინტერესება „ვენესუელის მთავრობასთან კონსტრუქციული ურთიერთობის“ განვითარების მიმართ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩავესი მოიხსენია „უჩვეულო და ძლიერ“ პიროვნებად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ვენესუელა-რუსეთის ურთიერთობაში. ჩავესს პარასკევს დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG