Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ განმარტა დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარების მიზეზი


საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარების მიზეზი განმარტა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ახალციხის გამგეობის თანამშრომელთა მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის გამოძიებისას მოპოვებულია 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის დოკუმენტები, რომელთა შესწავლით გაირკვა, რომ მთავარი პროკურატურის თანამშრომლები კონკრეტულ ბიზნესმენებს აიძულებდნენ ამორტიზებული შენობების შეძენას და ამ გზით ხდებოდა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა. ერთ-ერთ ეპიზოდად პროკურატურა ასახელებს ისრაელის მოქალაქე ეფრაიმ გურის მიერ მისი ბრალდებული ვაჟის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ მილიონი ლარის გადახდას ახალციხის მუნიციპალიტეტსა და მცხეთაში მდებარე გამოუსადეგარ უძრავ ქონებაში. მთავარმა პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა ეფრაიმ გურის ვაჟის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის ჩვენება, რომლის თანახმად, მან გური შეახვედრა მთავარი პროკურორის იმჟამინდელ მოადგილეს დავით საყვარელიძეს და სწორედ იმ შეხვედრისას დაადასტურა ეფრაიმ გურმა, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ თანხა გადაეხდა. ამავე ჩვენებით, გურის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტსა და მცხეთაში ამორტიზებულ უძრავ ქონებაში მილიონი ლარის გადახდის ქვითრები სწორედ მთავარ პროკურატურას წარედგინა. დღესვე საჯაროდ გამოქვეყნდა ადვოკატ ყავლაშვილის კიდევ ერთი ჩვენება, რომლის თანახმად, ბიზნესმენ ილია კოკაიას მისი შვილის წინააღმდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო აღძრული საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში რამდენიმე ათას ლარად შეფასებული ფერმა 3 მილიონ დოლარად შეაძენინეს. ამ ჩვენებაში ადვოკატი ასახელებს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას და თბილისის ყოფილ პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს.
XS
SM
MD
LG