Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი თეატრის მოცეკვავეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება


რუსეთში სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება დიდი თეატრის სოლისტს, ბალეტის მოცეკვავე პაველ დმიტრიჩენკოს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დმიტრიჩენკოს ბრალად ედება სხეულის მძიმედ დაზიანება დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელზე, სერგეი ფილინზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ხუთშაბათს დმიტრიჩენკომ აღიარა, რომ მისი სურვილი იყო სერგეი ფილინზე თავდასხმა და რომ ბრალდებულ იური ზარუტსკის ესაუბრებოდა თავდასხმის გეგმაზე. მაგრამ დმიტრიჩენკო უარყოფს, რომ რაიმე კავშირი ჰქონდა ფილინისთვის სახეში მჟავის შესხმასთან. „როცა გავიგე, რა დაემართა სერგეის, უბრალოდ თავზარი დამეცა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამ კაცმა - ზარუტსკიმ, რომელმაც შემომთავაზა, სერგეი ფილინს ვცემო - აიღო და მჟავით ეს ყველაფერი გააკეთა. მეგონა, ჭკუიდან გადავიდოდი, ჩემთვის ეს შოკი იყო“, განაცხადა დმიტრიჩენკომ. პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოჰყვა ბრალდებულის უკმაყოფილებას იმით, რომ ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი წამყვან პარტიებს არ აძლევდა დმიტრიჩენკოს მეგობარ ქალს. ეს გარემოება სახელდება თავდასხმის მოტივად. დმიტრიჩენკოსთან და ზარუტსკისთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ანდრეი ლიპატოვი. რაც შეეხება დაზარალებულს - მას თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის დღესაც, გერმანიაში ჩაუტარდა თვალების ოპერაცია.
XS
SM
MD
LG