Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილი მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების მზარდ დაინტერესებას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობის და კანონიერების საკითხებით. უსუფაშვილის შეფასებით, ამ სფეროში ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში. დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2012 წლის ბოლომდე იძულებულნი იყავნენ ემოქმედათ უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებით და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით, რომლის თანახმად, ისინი წლების განმავლობაში, ივნისსა და დეკემბერში დამატებით იღებდნენ 2-2 თვის გასამრჯელოს, რომელსაც ერქვა პრემია, თუმცა რეალურად პრემიას არ წარმოადგენდა და დამსახურების მიუხედავად წელიწადში 12-ის ნაცვლად 16 ხელფასი გაიცემოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე ”ეს მახინჯი სისტემა” შეიცვალა და იანვრის შემდეგ დეპუტატებისთვის აღარ არის გათვალისწინებული ”არანაირი პრემია არანაირი შეფუთვით." რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ მათი ყოველკვარტალური პრემიებისთვის შეიქმნა ცალკე ფონდი ყველა თანამშრომლის ერთი თვის ჯამური სარგოს ოდენობით და აპარატის თანამშრომლები პრემიას არა გათანაბრების, არამედ დამსახურების პრინციპით მიიღებენ.
XS
SM
MD
LG