Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია


ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას განიხილებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებები იყო. ,,ყურადღება გავამახვილეთ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც პარლამენტში გადის კენჭისყრაზე, არამედ ზოგადად კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტში თავად აღნიშნეს, რომ ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუცია ადამიანებზეა მორგებული” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს კონსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის სტაბილურობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა შეხვედრისას განიხილებოდა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის, საქართველოს დემოკრატიზაციის და ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება. შეხვედრის შემდეგ ერიკ რუბინმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ასევე, ეკონომიკის სფეროში. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ერიკ რუბინმა დადებითად შეაფასა სტილი, რომლითაც დავით უსუფაშვილი და მისი გუნდი ხელმძღვანელობენ. ”ვიცით, რომ მათ მრავალი რთული გამოწვევა ჰქონდათ წინა თვეებში და მიუხედავად ამისა შეძლეს ეთანამშრომლათ ოპოზიციასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეზოლუციაზე” - განაცხადა რუბინმა. აშშ-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს დღეს გამოეხმაურა ელჩი რიჩარდ ნორლანდი. მისი შეფასებით, ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა დავით უსუფაშვილისთვის კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მათ არჩევნების შემდგომი მოვლენები გააცნოს.
XS
SM
MD
LG