Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიას მიმართავს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა წინასწარ დაანონსებული ღია წერილი ევროპის სახალხო პარტიის მისამართით, რომლის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმაც რამდენიმე დღის წინ თავად ის მწვავედ გააკრიტიკა. პრემიერ-მინისტრის წერილის ტონი ანალიტიკოსებს ერთგვარად შერბილებული ეჩვენათ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ იმავე ადრესატისთვის მიწერილ წერილთან შედარებით. რა აქცენტები დაისვა და ვის რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტის წერილით?

”ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მადლიერია დასავლეთის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, არსებობს კითხვები პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მიესალმებოდნენ ძალადობაზე, ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე, სიღატაკესა და უიმედობაზე დამყარებულ ფასადურ დემოკრატიას და დღეს მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც არა ფასადის შელამაზების, არამედ რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას ადგას”, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტარების ერთი ნაწილისთვის მიწერილ ღია წერილში, რომელშიც შედარებულია საქართველოში არსებული ვითარება ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად: საკუთრების უფლების, ბიზნესის მდგომარეობის, პოლიტიკური ზეგავლენების, მედიისა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
თქვენც მოგიწოდებთ, სანამ “ევროპის კარის დახურვის” შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა...
ბიძინა ივანიშვილი

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს აცნობებს, რომ პრეზიდენტმა ”კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო” და რომ ”ვარდების რევოლუციის შემდეგ, 8 წლის მანძილზე, საქართველოს კონსტიტუცია 25-ჯერ შეიცვალა.” მათ შორის არის ცვლილება, რომელიც ”საშუალებას აძლევს 5 წლიანი ვადით არჩეულ პრეზიდენტს პოზიციაზე 10 თვით მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს”. ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ, ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება მტკიცედ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას. ამაში დასარწმუნებლად კი ის წერილის ადრესატებს საქართველოში იწვევს:

”მსგავსი მისიით ევროკავშირმა უკვე მოავლინა ბატონი ტომას ჰამერბერგი; ხორციელდება სასამართლო პროცესების მონიტორინგი, მათ შორის, ODIHR-ის მიერ. ვინაიდან კითხვები გიჩნდებათ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თქვენც მოგიწოდებთ, სანამ “ევროპის კარის დახურვის” შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა, ჩვენი მისიაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო, განუხრელი და ცალსახა ერთგულება“.

14 მარტის ღია წერილით ბიძინა ივანიშვილი პასუხობს 23 ევროპარლამენტარს, რომლებმაც მწვავე კრიტიკის შემცველი ღია წერილით მას 6 მარტს მიმართეს. წერილზე ხელმომწერთა შორის 19 ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს წარმოადგენს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება ახალი ხელისუფლების ქმედებები, რაც, მაგალითად, აგრესიისა და შანტაჟის გზით ოპოზიციის წევრების გადაბირებას გულისხმობს. ისინი ასევე ხაზს უსვამენ ზეწოლას სასამართლოზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სიძულვილის ენით ლაპარაკს თუ ბრბოს გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების ჩასახშობად. ისინი მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრს „არ იაროს ამ გზით, რათა არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი” და არ დაუხუროს საქართველოს ევროპის კარი.
საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილე ჰმართებს, რომ არ გაიფუჭოს ურთიერთობა ევროკავშირთან. უსუფაშვილის წერილს რაც შეეხება, რაც, როგორც გაირკვა, ივანიშვილის კარნახით დაიწერა, რა თქმა უნდა, არანაირად არ წაადგება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას...
ნიკა ჩიტაძე

ევროპარლამენტარების 23-კაციან ჯგუფს 10 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. „შეგიძლიათ მიგვითითოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდა ან უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა? სინამდვილეში ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა „მუმიები“, „ჩასარეცხები“, „კრემლის აგენტები“, „გასანადგურებელი კლასი“, „სახელმწიფოს მტრები“ და სხვა? ურჩი პარალმენტის წევრების (გელაშვილი 2005 წელს, დავითაშვილი 2007 წელს) სასიკვდილოდ გამეტებით სააკაშვილი ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა და ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარებს ხურავს? თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდივართ. თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა. თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ, სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით, თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას ალბათ ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი შესაძლოა ამგვარი „ევროპელების“ მორიგი მსხვერპლი გახდეს“, - წერს დავით უსუფაშვილი 10 მარტის წერილში.

მკაცრ ტონს ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილ და გავლენიან ძალასთან კონფრონტაციის წინაპირობად აფასებს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე:

”საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილე ჰმართებს, რომ არ გაიფუჭოს ურთიერთობა ევროკავშირთან. უსუფაშვილის წერილს რაც შეეხება, რაც, როგორც გაირკვა, ივანიშვილის კარნახით დაიწერა, რა თქმა უნდა, არანაირად არ წაადგება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას... იმ წერილში რომ დაეპატიჟებინათ მონიტორინგის წარმომადგენლები (როგორც ეს პრემიერ-მინისტრის წერილშია), რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა; მაგრამ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ რაღაცას წერს, ეს, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე”.
ეს არის გზავნილი ყველა იმ დასავლელი პოლიტიკოსის გასაგონად, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატია ყვაოდა სააკაშვილის დროს და სწორედ დღეს არის პრობლემები დემოკრატიის მხრივ საქართველოში. ასეთები მოიძებნებიან როგორც ევროპაში აქა-იქ...
არმაზ ახვლედიანი

ნიკა ჩიტაძისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის წერილს ”კარგად შედგენილს”, ”დროულსა” და ”პრინციპულს” უწოდებს თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის დირექტორი არმაზ ახვლედიანი. პრემიერ-მინისტრის წერილში კი, რომელსაც ის არანაკლებ კარგად დაწერილად და პრინციპულად მიიჩნევს, შედარებით უფრო შერბილებულ ტონს ხედავს. არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ, ევროპის სახალხო პარტიის გარდა, ბიძინა ივანიშვილის წერილს სხვა არაერთი ადრესატი ჰყავს:

”ეს არის გზავნილი ყველა იმ დასავლელი პოლიტიკოსის გასაგონად, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატია ყვაოდა სააკაშვილის დროს და სწორედ დღეს არის პრობლემები დემოკრატიის მხრივ საქართველოში. ასეთები მოიძებნებიან როგორც ევროპაში აქა-იქ, ასევე ჯერ კიდევ არიან მსგავსი პოლიტიკოსები, დიდმოხელეები შეერთებულ შტატებშიც. მაგრამ, ამასთან ერთად, ეს წერილი დაიწერა შიდა მოხმარებისთვისაც, რომ ოპონენტებმა იცოდნენ - ხელისუფლება არ მოერიდება სიმკაცრეს, პრინციპულობას დასავლელ პოლიტიკოსებთან მიმართებაში”.

არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტარების მოწვევა საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესების შესაფასებლად ცარიელ სიტყვას არ წარმოადგენს და რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მართლაც არის დაინტერესებული დემოკრატიული განვითარების პროცესების საერთაშორისო მონიტორინგით. და თუკი ევროპარლამენტარები 14 მარტის წერილის შინაარსის გაცნობის შემდეგ მონიტორინგის წინადადებას არ მიიღებენ და კრიტიკას მაინც განაგრძობენ, არმაზ ახვლედიანის აზრით, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ”მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG