Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტენსი, მთლიანობაში, დადებითად აფასებს ივანიშვილის ღია წერილს


ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, მთლიანობაში, გონივრულად მიიჩნევს ღია წერილს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მიმართა ევროპის სახალხო პარტიას. ივანიშვილის ღია წერილი არის პასუხი მისდამი 23 ევროპარლამენტარის, მათ შორის სახალხო პარტიის 19 წევრის მიმართვაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ ევროპის გზიდან საქართველოს ჩამოშორებაში. ივანიშვილი უარყოფს ამ ბრალდებას. მარტენსმა დღეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ „სასიამოვნოდ გაკვირვებულია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხით. მარტენსის შეფასებით, პასუხი „გონივრულია“, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მძაფრ კრიტიკას. ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში მარტენსმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის გაფართოებულ სამიტზე (14-15 მარტს) მიიღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოს შესახებ. ეს არის, მარტენსის განმარტებით, სამოქმედო გეგმა სამი ძირითადი პუნქტით: გამართულად მოქმედი დემოკრატია, სამართლიანი სასამართლო ხელისუფლება და ღია პოლიტიკა მედიასთან მიმართებით. საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება და ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშობაში.
XS
SM
MD
LG