Accessibility links

logo-print

მუსულმანურმა და დასავლეთის ქვეყნებმა მოიწონეს გაეროს დეკლარაცია ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის შესახებ


მუსულმანურმა და დასავლეთის ქვეყნებმა მოიწონეს გაეროს ახალი დეკლარაცია, რომელიც ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. დეკლარაციაში, რომელსაც არა აქვს კანონის ძალა, ნათქვამია, რომ მდედრობითი სქესის მიმართ ძალადობა არ შეიძლება გამართლებული ან უგულებელყოფილი იქნეს რაიმე წეს-ჩვეულების, ტრადიციის ან რელიგიის პოზიციიდან. დეკლარაცია ასევე მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, გოგონები და ქალები უზრუნველყონ სექსუალური განათლებით და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით. დეკლარაცია პარასკევს იქნა მიღებული მიუხედავად წინააღმდეგობისა რომის კათოლიკური ეკლესიის, ასევე ირანის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან. ეგვიპტეში მუსულმანთა ძმობამ, რომელიც დომინანტურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, განაცხადა, რომ დეკლარაცია „საზოგადოებას ანგრევს“. ქალთა უფლებების დამცველთა თქმით, დეკლარაციის მიღება მნიშვნელოვანი პრეცედენტია მსოფლიოს მასშტაბით ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. მოლაპარაკებებში 190-მდე სახელმწიფო მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG