Accessibility links

logo-print

კვიპროსის პრეზიდენტმა ეკონომიკურ კრიზისს ყველაზე მძიმე უწოდა თურქეთის ინტერვენციის შემდეგ


კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ კრიზისს ყველაზე მძიმე უწოდა 1974 წელს თურქეთის ინტერვენციის შემდეგ. კვიპროსის პარლამენტმა ორშაბათამდე გადადო დებატები საბანკო ანაბრების დაბეგვრის შესახებ. თავდაპირველად დებატები კვირისთვის იყო დაგეგმილი. ევროზონის სახელმწიფოები კვიპროსის მთავრობისგან მოითხოვენ საგანგებო ბეგარის შემოღებას საბანკო ანაბრის მოცულობის ათ პროცენტამდე ოდენობით. ამ სახსრებმა უნდა შეავსოს საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც გაკოტრებისგან კვიპროსის ეკონომიკის გადარჩენისკენაა მიმართული. რუსეთის მრავალი მეანაბრე, რომელთა სახსრები შეადგენენ კვიპროსის საბანკო ანგარიშების დიდ წილს, გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ევროკავშირი თავისი პრობლემების ნაწილის მოგვარებას რუსების ხარჯზე აპირებს. დაგეგმილი ზომებით უკმაყოფილება გამოხატეს თავად კვიპროსელებმაც. შაბათს კვიპროსის დელეგაცია დათანხმდა მიიღოს ევროზონის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობები დავალიანების კრიზისის თაობაზე ერთობლივი ძალისხმევის შესახებ. ბრიუსელში მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი დაახლოებით ათ საათს გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG