Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი


ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებისთვის აუცილებელია მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა, პარლამენტის წევრთა ამჟამინდელი რაოდენობა 147-ია, რომელთაგან 53 უმცირესობაშია და, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ, სარეიტინგო გამოკითხვის შეთავაზებას იმის გასარკვევად, დამტკიცდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება უმცირესობის წევრთა მხარდაჭერის გარეშე, დავით უსუფაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა, როგორც თავად განმარტა არა პოლიტიკაზე, არამედ არითმეტიკაზე დაყრდნობით. რაც შეეხება იმას, რომ უმცირესობა უმრავლესობას საჭირო ხმების დანაკლისს შეუვსებს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უმრავლესობა მხარდაჭერას არ ითხოვს და უმცირესობას სთავაზობს პროცესში თანამონაწილეობას, რათა პარლამენტმა დაიბრუნოს მისი უფლება და კუთვნილი ძალაუფლება მთავრობასთან დაკავშირებით. ”ამიტომ შეკითხვაზე რამდენი ხმაა საჭირო უმცირესობიდან, პასუხი ასეთია - 53, რადგან ეს სჭირდება სიმართლეს, კონსტიტუციის გასწორებას, პარლამენტის მიერ ღირსების დაბრუნებას და ელემენტარულად სწორ გადაწყვეტილებას” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, რაც შეეხება სარეიტინგო გამოკითხვით რაიმე გაურკვევლობაში სიცხადის შეტანას, თუ უმცირესობას სურს მის რიგებშივე რაიმეს გარკვევა, შეუძლია სარეიტინგო გამოკითხვაც ჩაატაროს და სხვა მეთოდებიც გამოიყენოს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ხვალ დეპუტატები მიიღებენ ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც გახსნის გზას ბევრი სხვა სწორი გადაწყვეტილებისა და საქართველოში ნორმალური პოლიტიკური ვითარების შექმნისკენ.
XS
SM
MD
LG