Accessibility links

logo-print

რუს დეპუტატს მანდატის ჩაბარებას ურჩევენ პუტინის კრიტიკის გამო


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეთიკის კომისიამ დეპუტატ დმიტრი გუდკოვს ურჩია მანდატის ჩაბარება. მას ურჩიეს აგრეთვე, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებებისათვის. ამ ვიზიტის მსვლელობაში გუდკოვმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ პუტინის მმართველობა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ეთიკის კომისიამ სახელმწიფო სათათბიროს შესათავაზა, გუდკოვს ერთი თვით აუკრძალოს პლენარულ სხდომებზე გამოსვლა. კომისია ამ რეკომენდაციებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც მას სათათბიროს ოთხივე ფრაქციის წარმომადგენლებმა მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ დმიტრი გუდკოვის გამოსვლა აშშ-ში, უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ფორუმზე გამოირჩეოდა „ანტირუსული ხასიათით“ და „ქვეყნის დისკრედიტაციისაკენ“ იყო მიმართული. დმიტრი გუდკოვი და მისი მამა, გენადი გუდკოვი ცოტა ხნის წინ გარიცხეს პარტია „სამართლიანი რუსეთიდან“, როგორც განმარტეს, „პარტიის პოლიტიკური ინტერესებისა და მისი იმიჯისათვის საზიანო ქმედებებისათვის“. გენადი და დმიტრი გუდკოვები მხარს უჭერენ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს „პატიოსანი არჩევნებისათვის“.
XS
SM
MD
LG