Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში გაიმართა აქცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო


ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ სათანადო კვების უქონლობის შედეგად ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი მიმართულია როგორც ხელისუფლების, ისე ქართული საზოგადოების მისამართით. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა მესხმა უთხრა, რომ საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას საქართველოში ჩვილი ბავშვის შიმშილით გარდაცვალება. მესხის თქმით, მან და სხვა აქტივისტებმა გუშინ შეძლეს ქუჩაში 1100 ლარის შეგროვება და იმავე დღეს გაემგზავრნენ ბათუმში, რათა ფული ბავშვის ოჯახისათვის გადაეცათ, მაგრამ გოგიტას გადარჩენა მაინც ვერ მოახერხდა. ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შაბათს გარდაიცვალა ბათუმის საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილმა გამოიწვია ბავშვის შოკური მდგომარეობა. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოხატავს მცირეწლოვანის გარდაცვალების გამო და იზიარებს მისი ოჯახის მწუხარებას, რომელიც, ნანუაშვილი როგორც აღნიშნავს, საერთოა მთელი საზოგადოებისათვის საქართველოში. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურების მიერ განხორციელდება მოკვლევა, თუ რამდენად შეიძლებოდა ბავშვის გარდაცვალების თავიდან აცილება ადეკვატური მომსახურებებისა და ბავშვზე ზრუნვის მექანიზმების არსებობის შემთხვევაში. სახალხო დამცველი როგორც აღნიშნავს, მნიშნელოვანია, რომ ტრაგიკულმა ფაქტმა სახელმწიფო სტრუქტურებს უფრო თვალსაჩინოდ დაანახოს სოციალური დაცვის სისტემის იმგვარად რეფორმირების აუცილებლობა, რომელიც გაითვალისწინებს როგორც ბავშვთა, ისე ყველა სხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებს.
XS
SM
MD
LG