Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვეს ერთი წლის ბავშვის შიმშილით გარდაცვალებასთან დაკავშირებით


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვეს ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებით, ბავშვის ტრაგედია უნდა გახდეს გაკვეთილი ყველასათვის, რათა სიღარიბის დაძლევაზე მუშაობა ერთად განხორციელდეს. ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შაბათს გარდაიცვალა ბათუმის საავადმყოფოში, ცნობების თანახმად, შიმშილით ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად. საქართველოში დღესაც გაიმართა აქციები ბავშვის გარდაცვალების გასაპროტესტებლად. თბილისში, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, მეტი ყურადღება დაეთმოს გაჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვებს. მოგვიანებით აქცია გაიმართა თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელსაც სოციალურად დაუცველთა მხარდამჭერები მოუწოდებენ, უფრო აქტიურად გააშუქოს სოციალური პრობლემები. ცნობების თანახმად, აქციის სამი ორგანიზატორი შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გია ბაქრაძეს. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ბაქრაძემ პირობა დადო, რომ აქტივისტებს სამშაბათს დაუკავშირდებიან და გააცნობენ პასუხს მოთხოვნაზე მათთვის საეთერო დროის დათმობის შესახებ.
XS
SM
MD
LG