Accessibility links

logo-print

რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ჩხრეკა გრძელდება


რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისების ჩხრეკის პროცესში, მოსკოვში მდებარე „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ოფისი გაჩხრიკეს. პოლიციელთა რეიდი ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელმა სერგეი ნიკიტინმა დაადასტურა და ასე აღწერა ჩხრეკის პროცესის დაწყება: „ორშაბათს დილით დაგვირეკეს და ოფისში მოვიდნენ მოსკოვის პროკურატურის სამი თანამშრომელი და ერთი საგადასახადო ინსპექციიდან. ამ ადამიანებმა წარმომიდგინეს დოკუმენტი სახელწოდებით „შეკითხვა“, რომელშიც ჩამოთვლილია იმ დოკუმენტების სია, რომელთა ასლები მიღებაც ჩვენგან სურთ.“ მოძრაობა „ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ჩხრეკა მათ ოფისშიც ჩატარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბურკაევი აცხადებს, რომ არ აპირებს რაიმე დოკუმენტი გადასცეს საგამოძიებო ჯგუფს, რადგან, ბურკაევის თქმით, ცოტა ხნის წინ უკვე ჩატარდა ორგანიზაციის შემოწმება და ყველა საჭირო დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროში ინახება. იუწყებიან, რომ გასული კვირიდან დაწყებული რუსეთში ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის უძველესი უფლებათდამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ოფისის ჩხრეკა ჩატარდა.
XS
SM
MD
LG