Accessibility links

ეუთოს წარმომადგენელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონში ცვლილებას ეხმიანება


ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა წერილი, რომელშიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასებაა მოცემული. წერილში იმის აუცილებლობაცაა ხაზგასმული, რომ გარდამავალ პერიოდში უზრუნველყოფილ იქნას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სრულყოფილი საქმიანობა. „ცვლილების პროექტი, რომელიც არსებულ კანონმდებლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მუშაობის უფრო მეტი ტრანსპარენტულობისა
და პლურალიზმის გარანტიას იძლევა. ამის მისაღწევად გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცედურის, ამოცანების და მოვალეობების ახლებურად განსაზღვრაა საჭირო. ძალიან პოზიტიურია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ახლებური ვალდებულება, რომ, როგორც საკუთარი მაუწყებლობის შემადგენელი ნაწილი, გაავრცელოს სხვა ტელემაუწყებლების სიგნალი,“- ნათქვამია მიატოვიჩის წერილში, რომელიც ეუთოს წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს გაუგზავნა. თავად დუნია მიატოვიჩი ამჟამად ლონდონში იმყოფება და ამის თაობაზე კონფერენციაზე ისაუბრა. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში საკანომდებლო ცვლილების ნაკლზეც მიუთითებს და დასძენს, რომ „საკანონმდებლო ცვლილების პროექტში ახალ სამეურვეო საბჭოს დანიშვნამდე არასაკმარისად არის განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დებულებები. ფორმულირება უნდა იყოს ისეთი, რომ ხელი შეეწყოს გარდამავალ პერიოდში მაუწყებლობის სრულყოფილ ფუნქციონირებას,“ -ნათქვამია სამართლებრივ შეფასებაში, რომელიც მედიის საკითხების ესტონელ მკვლევარ კეტრინ ნიმან მეტკალფს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG