Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კალაძემ და ნარმანიამ გორში გადახურვითი სამუშაოები მოინახულეს


დავით ნარმანია და კახა კალაძე გორში
დავით ნარმანია და კახა კალაძე გორში
დღეს დილიდან სტიქიით დაზარალებულები და მშენებლები ცას შიშით შესცქერიან. გორში ღრუბლიანი ამინდია, სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. სახურავებზე უკვე სამშენებლო მასალები ააქვთ, ავდრის შემთხვევაში კი დროებითი გადახურვა მოხდება. კორპუსების სახურავების გადახურვითი სამუშაოები ენერგეტიკისა და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მოინახულეს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ზარალი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 მილიონი ლარია. მისი თქმით, სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად უნდა შესრულდეს. ერთი შენიშვნა, რაც მინისტრმა გამოთქვა, ეს მუშახელის დამატებას ეხებოდა.

სამუშაოების დასრულებისთვის მშენებლებმა 20 დღე ითხოვეს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, მთავარი აქცენტი სწორედ ხარისხზე კეთდება, ამიტომ, მისი აზრით, ჯობია საქმე ნაჩქარევად არ შესრულდეს. მისი ინფორმაციით, რესურსები, შიდა ქართლისა და აჭარის გარდა, მცხეთა-მთიანეთზეც გადანაწილდება, საიდანაც ინფორმაცია დაგვიანებით მიიღეს. ნარმანია აცხადებს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დაზიანებული სახლების მცხოვრებლებს ეხმარება, კომერციული ობიექტების მფლობელებმა კი ხარჯი თავად უნდა გაიღონ.

რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს შ.პ.ს. „გორმშენი“ გადახურავს. კომპანიის წარმომადგენელი ჯემალ ილურიძე ამბობს, რომ თუ კარგი ამინდები იქნება, საქმეს 10–12 დღეში დაასრულებს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით გორგიშელი აცხადებს, რომ უახლოეს ორ დღეში, პირველ რიგში, საცხოვრებელი კორპუსები გადაიხურება დროებით, რათა წვიმა ოთახებში არ ჩავიდეს.

ამჟამად სამუშაოები 36 კორპუსზე მიმდინარეობს. მშენებლებს გორში გადასახური მასალები ჩამოაქვთ. სამუშაოების დასასრულებლად მათ 20 დღე აქვთ მიცემული.
XS
SM
MD
LG