Accessibility links

logo-print

გურამ ოდიშარია: სამინისტრო არ აპირებს გრიგოლ ვაშაძის წერილის გამოქვეყნებას


საქართველოს კულტურის სამინისტრო არ აპირებს გამოაქვეყნოს ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსი კოლეგისთვის აგვისტოს ომის დასრულებიდან სამ თვეში გაგზავნილი წერილი, რომელშიც რუსეთში ქართული ანსამბლების, მათ შორის ”ერისიონის” კონცერტებს სთავაზობს. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჯაროდ წერილის გამოქვეყნებას პირადად სამინისტრო არ აპირებს, თუმცა თავად წერილი საზოგადოებრივი ანალიზისთვის საინტერესოა. ოდიშარიას თქმით, გასაოცარი ის ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის გამო დღეს აკრიტიკებენ ქართულ თეატრს, ანსამბლებს და ორკესტრებს, ომიდან მცირე ხანში რუსეთს თავად თხოვდნენ ურთიერთობის გაფართოებას. გურამ ოდიშარია ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუმცა ვარაუდობს, რომ კულტურის სამინისტროში რუსეთიდან მიღებული საპასუხო წერილებიც ინახება. გრიგოლ ვაშაძის მიერ მოსკოვში 2008 წლის ნოემბერში გაგზავნილი წერილი 27 მარტს გაავრცელა განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ხუხაშვილმა და არ დაასახელა წყარო, რომლისგანაც წერილი მიიღო. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” განუცხადა, რომ იმ პერიოდში ემისრების მონაწილეობით საქართველო და რუსეთი ცდილობდნენ ურთიერთობის სასტარტო პირობებზე გადაყვანას, სწორედ ამ პოლიტიკური აქტივობის მეოთხეხარისხოვანი ნაწილი იყო კულტურული ღონისძიებები და მას შემდეგ რაც, გაირკვა, რომ პოზიციები შეუთავსებელი იყო, ეს თემა დაიხურა. ყოფილი მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს იმის გამოძიება, თუ ვინ გადასცა ხუხაშვილს სახელმწიფო მოხელის კონფიდენციალური წერილი.
XS
SM
MD
LG