Accessibility links

logo-print

ფხენიანი: ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეასთან „საომარ მდგომარეობაში“ შედის


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ „საომარ მდგომარეობაში“ შედის სამხრეთ კორეასთან. „ამ დროიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობა საომარ მდგომარეობაში შედის და ყველა საკითხი, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის წამოიჭრება, შესაბამისად იქნება გადაჭრილი“ - ვკითხულობთ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ სიტყვებამდე ფხენიანმა სხვა მკაცრი განცხადებები გააკეთა სეულის და ვაშინგტონის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბირთვული გამოცდის ჩატარების გამო მას საერთაშორისო სანქციები დაუწესდა. ფხენიანი აშშ-ს დაემუქრა და განაცხადა, რომ მზად არის სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ისე წყნარი ოკეანის რეგიონში და სამხრეთ კორეაში. ფორმალური თვალსაზრისით, ფხენიანი და სეული ომის მდგომარეობაში არიან, რადგან 1950-53 წლების კონფლიქტი ბრძოლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით. ახლახან ფხენიანმა ზავი გაუქმებულად გამოაცხადა. მუქარის მიუხედავად, ანალიტიკოსების უმრავლესობას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ჩრდილოეთი კორეა რეალურად გარისკავს ომის დაწყებას.
XS
SM
MD
LG