Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანი: შავ ზღვაში გამართული სწავლება, სავარაუდოდ, დასრულებულია


საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ რა ფორმით მიიღებს ქვეყანა მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, თავის დროზე ითქვა, რომ საქართველო ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს, თუმცა მონაწილეობის ფორმის შესახებ მთავრობა გადაწყვეტილებას თავის დროზე მიიღებს და ყველას ამცნობს. ამავე ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დღეს მიღებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში გამართული სწავლების მონაწილე ქვედანაყოფები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ და სავარაუდოდ, წვრთნა დასრულებულია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს წვრთნების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც სერიოზული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შავი ზღვის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის მოულოდნელად დაწყების გამო. მოსკოვის ეს მოქმედება თბილისმა შეაფასა ევროპის სამეზობლოში სტაბილურობის ინტერესთა საწინააღმდეგო ნაბიჯად განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი კვლავ უარს ამბობს უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წელს ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 7 მარტს დაადასტურა ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციით.
XS
SM
MD
LG