Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ იარაღით ვაჭრობაზე პირველი საერთაშორისო შეთანხმება მიიღო


გაერო
გაერო
სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მიიღეს პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობას არეგულირებს. შეთანხმებას მხარი 154-მა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო სამი, 23-მა - მათ შორის, რუსეთმა - თავი შეიკავა. კრემლი ფიქრობს, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება შესაძლოა არასწორად იქნეს განმარტებული ცალკეული სახელმწიფოების მიერ.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას“. კერის თქმით, დოკუმენტით არ ილახება ამერიკელი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება შეიძინონ და შეინახონ იარაღი.

გაეროს გენერალური ასამბლეის მოქმედმა პრეზიდენტმა კი, სერბმა პოლიტიკოსმა ვუკ იერემიჩმა, ჟურნალისტებთან საუბარში დოკუმენტის მიღებას „უპრეცედენტო მიღწევა“ უწოდა:

„ვფიქრობ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტი არის ძლიერი და სამართლებრივი ძალის მქონე. ის ასევე მრავალმხრივ ნოვატორულიც არის. მასში მითითებულია, რომ საბრძოლო შეიარაღების ექსპორტიორ ქვეყნებს კანონით ევალებათ წარმოადგინონ ანგარიში იარაღის მიწოდებისა და გაყიდვის შესახებ. მათ ასევე ექნებათ ვალდებულება, წარმოადგინონ შეფასება იმაზე, რომ მათ მიერ გაყიდული იარაღი არ გამოიწვევს ადამიანის უფლებების შელახვასა და საერთაშორისოო სამართლის ნორმების დარღვევას“.
მრავალი სახელმწიფოს დაჟინებული მოწოდების მიუხედავად, დოკუმენტში არ აისახა არაუფლებამოსილი, არასახელმწიფოებრივი სუბიექტებისათვის იარაღის მიწოდების აკრძალვა. ეს დიდი სისტემური ნაკლია...

შეიარაღებით ვაჭრობის საერთაშორისო შეთანხმების მოქმედება გავრცელდება შეიარაღების ყველა სახეობაზე, მათ შორის - ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე, საარტილერიო სისტემებზე, საბრძოლო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე. ჩამონათვალში ასევე შედის სამხედრო გემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები, მსუბუქი და ცეცხლსასროლი იარაღი. შეთანხმების ლობისტების მიზანი ისაა, რომ აღიკვეთოს ტერორისტული ორგანიზაციებისა და ექსტრემისტების ხელთ აღნიშნული შეიარაღების მოხვედრა.

გაეროში ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირეს ირანმა, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი შესაძლებლობას მისცემს იარაღის ძირითად ექსპორტიორებს, უკარნახოს პირობები მყიდველებს. შეთანხმებას მხარი 154-მა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო სამი, 23-მა - მათ შორის, რუსეთმა - თავი შეიკავა. კრემლი ფიქრობს, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება შესაძლოა არასწორად იქნეს განმარტებული ცალკეული სახელმწიფოების მიერ.

„მრავალი სახელმწიფოს დაჟინებული მოწოდების მიუხედავად, დოკუმენტში არ აისახა არაუფლებამოსილი, არასახელმწიფოებრივი სუბიექტებისათვის იარაღის მიწოდების აკრძალვა. ეს დიდი სისტემური ნაკლია, რაც აუცილებლად პოვებს ასახვას ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე“, განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა.

ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობის რეგულირების შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობა 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, მას არანაკლებ 50 სახელმწიფოს რატიფიკაცია სჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG