Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვალერიან თელია საავადმყოფოს მალე დატოვებს და მუშაობას განაგრძობს


საქართველოს შს-თა მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან აჭარის პოლიციის უფროსის გათავისუფლების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვალერიან თელია საავადმყოფოს მალე დატოვებს და მუშაობას განაგრძობს. აჭარის შს-თა სამმართველოს უფროსი კლინიკაში გასულ ღამით მოათავსეს, როგორც ექიმები აცხადებენ, კონვერსიული აშლილობისა და სისხლძარღვოვანი პრობლემების გამო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვალერიან თელია არ ცდილობს მედიკამენტური მკურნალობით თავი აარიდოს ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომელსაც ორგანიზაცია მოითხოვს. კოჟორიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, თელიას მართლაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ასოციაცია ძალიან წუხს და გამოჯანმრთელებას უსურვებს. კახა კოჟორიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში დღეს საპროტესტო აქციას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციის უფროსის ჰოსპიტალიზების გამო აქცია არ გაიმართება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას ვალერიან თელიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ გაუგებარი უწოდა საქართველოს შს-თა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან და პოლიციის სამმართველოების უფროსებმა, მათ შორის თელიამ ნარკოლოგიური ტესტი რამდენიმე თვის წინ უკვე ჩააბარეს. აჭარის შს-თა სამმართველოს უფროსს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მძღოლს შორის 28 მარტს, ბათუმში მოხდა ინციდენტი, რომლის გამოც ვალერიან თელიას მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომა გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა. თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვს.
XS
SM
MD
LG