Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის პრესსამსახური: საფინანსო ინფორმაცია პრემიერს კანონის დაცვით აქვს ასახული დეკლარაციაში


„საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი“ - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ხუთშაბათს გაავრცელა მთავრობის პრესსამსახურმა. მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ და ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის ინფორმაციას თავისი ფინანსების შესახებ. „2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და შემდგომ პრემიერ-მინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს დასახელებულ კომპანიაში და ამდენად, არ იყო ვალდებული, ეს დეკლარაციაში განეცხადებინა“ - ვკითხულობთ პრესრელიზში. რაც შეეხება ივანიშვილის საკუთრებაში ამჟამად არსებულ აქტივებს, მთავრობის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კანონის სრული დაცვით აქვს ასახული დეკლარაციაში. 4 აპრილს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია იმ 130 ათასამდე მეანაბრის ვინაობა მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც ოფშორულ ზონაში არეგისტრირებენ ფირმებს და ფულს ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე ინახავენ.
XS
SM
MD
LG