Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დემოკრატიული ტენდენციები - ანტიკური სამყარო და საქართველო”


ენციკლოპედიური ცნობარის პრეზენტაცია
ენციკლოპედიური ცნობარის პრეზენტაცია
”დემოკრატიული ტენდენციები - ანტიკური სამყარო და საქართველო”, - ამ სათაურის ქვეშ მოაქცია ექვსმა ქართველმა მეცნიერმა წიგნი, რომელიც თითქმის 400 გვერდს მოიცავს და რომელშიც ავტორები ცდილობენ პარალელი გაავლონ ანტიკურ სამყაროსა და ქართულ რეალობას შორის. ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიული ელემენტების განხილვა ბერძნულ-რომაული ანალოგების ფონზე - სწორედ ეს მისია დაისახეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა.

ლევან გორდეზიანი, ქეთევან გარდაფხაძე, თეა დულარიძე, თამარ თარხნიშვილი, ქეთევან ნადარეიშვილი და მანანა ფხაკაძე თანხმდებიან იმაზე, რომ მათ საკმაოდ საყურადღებო მსგავსებები აღმოაჩინეს ზოგადად ანტიკურ სამყაროსა და ქართულ მასალას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ეთნოგრაფიაში, ფოლკლორსა თუ ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანადაა შესწავლილი ქართული მთისა და ბარის სოციალური ინსტიტუტები, სახელმწიფო სტრუქტურები, სამართლის წარმოების წესები, როგორც გამოცემის ავტორები ამბობენ, ეს მასალა დღემდე არ არის შესწავლილი მასში დემოკრატიული ელემენტებისა თუ ტენდენციების ძიების თვალსაზრისით. მეცნიერების ჯგუფის მიერ შექმნილი ენციკლოპედიური ცნობარი სწორედ ამ ტენდენციების გამოვლენას ემსახურება, ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი:

“რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოში იყო გარკვეული ტენდენციები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ჩვენ ორიენტაცია გვქონდა ევროპულ ღირებულებებზე გაცნობიერებულად, რაღაც ეტაპზე გაუცნობიერებლად, მაგრამ რომ ეს ჩვენ მენტალიტეტში ზის”, - ამბობს რისმაგ გორდეზიანი.

”უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავდაპირველად ანტიკური და ქართული დემოკრატიის შედარების იდეა სასაცილოდაც არ მეყო”, - ამბობს წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ლევან გორდეზიანი, თუმცა, მისი თქმით, სწორად მოფიქრებულმა კუთხემ, რომელიც ავტორებმა წიგნზე მუშაობისას შეარჩიეს, ანტიკური და ქართული დემოკრატიის არაერთი ანალოგი გამოავლინა. როგორც ლევან გორდეზიანი ამბობს, ცხადია, რომ ქართულ დემოკრატიას, ასე ვთქვათ, ერთი ერთზე ვერ შეადარებდნენ მეცნიერები ათენურ დემოკრატიას, თუმცა მოხერხდა გაკეთებულიყო შედარება იმ ტენდენციებისა თუ ელემენტების, რომლებიც ანტიკური დემოკრატიის მწვერვალთა გზაზე აღინიშნებოდა. ლევან გორდეზიანის თქმით, ავტორების უპირველესი მიზანი იყო მკითხველს მიეღო ინფორმაცია არა ზოგადად დემოკრატიაზე, არამედ იმაზე, თუ რისგან შედგება დემოკრტია, რა ნაბიჯები გაიარა ანტიკურმა სამყარომ დემოკრატიამდე, ვინ იდგა დემოკრატიის სათავეებთან და იყო თუ არა ამ ელემენტების ანალოგი საქართველოში. რაც შეეხება ავტორების მეორე მიზანს, ლევან გორდეზიანის გათვლით, ის მეტად პრაქტიკული და საინტერესო უნდა იყოს როგორც ფართო პუბლიკის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვისაც:

”იყო ასეთი კითხვა: არის რეალურად რაიმე საფუძველი საქართველოში ისეთი, რომ ჩვენ გვქონდეს დემოკრატიის აშენების იმედი? მე თავიდანვე მქონდა განცდა, რომ ცდად მაინც ღირს ჩვენთან დემოკრატიის შენება და ერთგვარად ამ მასალამ დაადასტურა ჩემი ეჭვი, რომ მსგავსება იმაზე მეტია, ვიდრე რასაც შეიძლება ერთი შეხედვით ადამიანი ელოდეს”.

სახელმწიფო მოწყობა, სოციალური სტრუქტურები, ეკონომიკა, კანონმდებლობა და კანონშემოქმედება, ქალი და ოჯახი, დემოკრატიული რეფორმები და რეფორმატორები - ეს ის ბლოკებია, რომლებზეც ავტორებმა ინდივიდუალურად თითქმის ერთი წლის მანძილზე იმუშავეს. თუკი, მაგალითად, კანონშემოქმედებაზე შევჩერდებით, როგორც გამოცემის ავტორები წერენ, ათენის კანონშემოქმედება ამ სფეროს დემოკრატიულობის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს: მასში, ბერძნული დემოკრატიის ყველა ძირითადი ინსტიტუტის გარდა, მონაწილეობის მიღება შეეძლო ათენის რიგით მოქალაქეებს. თუ კანონი არ აკმაყოფილებდა საზოგადოების
დემოკრატიული ინსტიტუტების კუთხით მოდიფიცირებული გამოკვლევა პირველად განხორციელდა. ამიტომ დავარქვი ამას შემოქმედებითი კომპილაცია, რაც ძალიან რთული რამ არის და კომპლექსურ და ბეჯით შრომას მოითხოვს...
იაგო კაჭკაჭიშვილი
მოთხოვნებს, მოქალაქეს ჰქონდა უფლება ახალი კანონპროექტი წარმოედგინა ხალხის წინაშე. რაც შეეხება ფეოდალურ საქართველოს, მართალია, კანონშემოქმედებაში ინიციატორის უფლებით მხოლოდ მეფეა აღჭურვილი, მაგრამ ეს არ გულისხმობდა ერთპიროვნულად კანონის მიღების უფლებას. მაგალითად, ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნში ვკითხულობთ:
”პირველად მეუფისა ბრძანებითა და მერმე ეპისკოპოზთა, დიდებულთა და აზნაურთა და ჭკვიან კაცთა მეფეთა წინაშე გაჩენილი”. ფეოდალურ საზოგადოებაში მოქმედი ნორმების თანახმად, კანონშემოქმედებაზე ხალხს ხელი არ მიუწვდებოდა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგ შემთხვევაში ახალი საკანონმდებლო აქტის შექმნის პროცესში სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ხოლმე ხევისბერებიც, რომელთა საშუალებითაც, მართალია, ირიბად, მაგრამ იმ რეგიონის ხალხიც იღებდა კანონთა შექმნაში მონაწილეობას.

მანანა ფხაკაძე, წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ამბობს - მართალია, ანტიკური დემოკრატიის ფონზე საქართველოში სრულ და აყვავებულ დემოკრატიაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, მაგრამ ტენდენციებსა და ელემენტებზე თამამად შეიძლება ლაპარაკიო:

”აი, მაგალითად, როცა აგორაზე იკრიბებოდა სახალხო კრება, ჩვენთანაც იყო საფიხვნო, ჩვენთანაც იყო სათემო. სამართალწარმოებაშიც იყო პარალელები. ხალხის ჩართვა პრობლემატიკის გადაწყვეტაში - ეს, ეტყობა, კაცობრიობის სურვილიც არის, რომ არ იყოს მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე. საქართველოშიც გამომჟღავნდა ეს მიდგომა - ალბათ, უფრო მეტადაც, ვიდრე სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში. ალბათ, ამის მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენს ევროპულ ტენდენციაზე”.

ქალის როლსა და ოჯახზე წერს წიგნში კიდევ ერთი მეცნიერი, ქეთევან ნადარეიშვილი. მის მიერ ანტიკურ და ქართულ ფეოდალურ სამყაროს შორის გავლებული პარალელებიდან ირკვევა, რომ კლასიკური ეპოქის საბერძნეთში, რომის რესპუბლიკაშიც და შუა საუკუნეების საქართველოშიც ქალის მდგომარეობა არსებითად დაქვეითებულია. მისი თქმით, ქალის ამ მდგომარეობას სამივე სამყაროს პატრიარქალური საზოგადოება განაპირობებს. პირველ რიგში, ქალის დაქვეითება, ქეთევად ნადარეიშვილის თქმით, გულისხმობს იმას, რომ ის გამოთიშულია საჯარო სფეროდან. მკვლევარებმა იმ ინსტიტუტებზე შეაჩერეს ყურადღება, რომელშიც ქალი რეალურად იყო ჩართული და რომელიც საოჯახო სივრცეს წარმოადგენს:

ქეთევან ნადარეიშვილი
ქეთევან ნადარეიშვილი
”საინტერესო იყო, რომ ქალის საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებული ინსტიტუციები სამივე საზოგადოებაში ძალიან მსგავსია. ეს არის, მაგალითად, ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებული ქვეინსტიტუტები, როგორიც არის ნიშნობა, მზითვი... ძალიან მსგავსია დამოკიდებულება ქმრისადმი ქალის ღალატის მიმართ როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ადათობრივი სამართლის დონეზე”, - ამბობს ქეთევან ნადარეიშვილი.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წიგნის რამდენიმე ღირსებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ის ამბობს, ავტორებმა მოახერხეს და იპოვეს მსგავსებები და ნათესაური კავშირები დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შინაარსში:

”შესაძლოა ეს ცნობები სხვა, უცხო ენაზე გამოცემულ ენციკლოპედიურ ცნობარებში ან ქართული სინამდვილის ამსახველ მასალებში არის, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების კუთხით მოდიფიცირებული გამოკვლევა პირველად განხორციელდა. ამიტომ დავარქვი ამას შემოქმედებითი კომპილაცია, რაც ძალიან რთული რამ არის და კომპლექსურ და ბეჯით შრომას მოითხოვს”.
XS
SM
MD
LG