Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ათაში მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო


დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ირანმა „მკაფიოდ და კონკრეტულად“ უნდა უპასუხოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული კონფლიქტის მოგვარებას. ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად დღეს ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში შეიკრიბნენ აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. ეს ამ სახის მეხუთე შეხვედრაა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მოლაპარაკებაში ირანის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალი ბარღერიმ განაცხადა, რომ თეირანის დელეგაციამ პასუხი გასცა ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების ყველა შეკითხვას. მისივე ცნობით, იმართება ასევე ორმხრივ შეხვედრები ირანსა და შეხვედრის მონაწილე ცალკეულ ქვეყნებს შორის. შაბათისთვის პრენარული სხდომაა დაგეგმილი ისლამურ რესპუბლიკასა და „ხუთი პლუს ერთის“ წარმომადგენლებს შორის. თებერვალში, ასევე ალმა-ათაში გამართულ რაუნდზე, მისმა მონაწილეებმა გამოთქვეს წინადადება, შეარბილონ ირანის წინააღმდეგ მოქმედი ზოგი ეკონომიკური სანქცია, თუ თეირანი დათანხმდება, შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ვარგისი მაღალგამდიდრებული ურანის წარმოება. ირანი აცხადებს, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას.
XS
SM
MD
LG