Accessibility links

logo-print

2012 წელს პაკისტანში 913 "ღირსების მკვლელობა" აღირიცხა


პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის განცხადებით, შარშან ქვეყანაში ასობით ქალი მოკლეს ეგრეთ წოდებული „ღირსების მკვლელობის“ სახელით. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2012 წელს მოკლულ იქნა 913 ქალი და გოგონა, მათ შორის 99 - მცირეწლოვანი. 191 ქალის მოკვლის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ მათ თვითონ, თავიანთი ოჯახების სურვილის გაუთვალისწინებლად აირჩიეს მეუღლეები. „ღირსების მკვლელობები“ პაკისტანში კანონით ისჯება, მაგრამ ზოგ პროვინციაში ასეთი დანაშაული ჯერ კიდევ ხშირად გვხვდება. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის, ზოჰრა იუსუფის თქმით, ხშირ შემთხვევაში „ღირსების მკვლელობები“ სათემო სასამართლოების განაჩენის შედეგად ხორციელდება.
„ეს არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა მკვლელობისგან", - ამბობს იუსუფი. - "ღირსების მკვლელობები უნდა განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს არ არის ორ მხარეს შორის მოსაგვარებელი საკითხი. ეს უნდა ითვლებოდეს მკვლელობად, რომელიც კანონით ისჯება. და აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება, როცა თემური სამართლის სისტემამ პრაქტიკულად მიიტაცა კანონის განხორციელების უფლება“. რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურთან ინტერვიუში ზოჰრა იუსუფმა დასძინა, რომ „ღირსების მკვლელობები“ მხოლოდ მაჰმადიანთა შორის არ გვხვდება. მისი თქმით, შარშან პაკისტანში მოკლულ იქნა შვიდი ინდუისტი და ექვსი ქრისტიანი.
XS
SM
MD
LG