Accessibility links

logo-print

ასადი: სირიის დაშლას დომინოს ეფექტი ექნება


სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი მთავრობის დამხობას და სირიის დაშლას დომინოს ეფექტი ექნება, რაც ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნით მოიტანს დესტაბილიზაციას. ასადმა ეს განცხადებები პარასკევს გააკეთა, თურქეთის ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან სირიის მეზობელ ქვეყნებს მეამბოხეების შეიარაღებაში დასდო ბრალი და განაცხადა, ისინი ამის გამო პასუხს აგებენო. ამასთან, ასადმა თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ისრაელთან ურთიერთობების აღდგენისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის თელ-ავივთან ერთად მუშაობს „სირიაზე იერიშის მისატანად“. ერდოანი ერთ დროს ასადის მოკავშირე იყო, თუმცა ახლა მისი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია. მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, სირიის კონფლიქტი „ხოცვა-ჟლეტად“ გადაიქცა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებამ უნდა დაასრულოსო. ამასთან, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კრემლი მყარად ეწინააღმდეგება მოწოდებებს ასადის გადადგომის თაობაზე. პარალელურად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის ჩრდილოეთში ოთხი იტალიელი ჟურნალისტი გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG