Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: ირანის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოზიციები განსხვავებული რჩება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი აცხადებს, რომ მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის და ირანის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავებული რჩება, ალმა-ათაში გამართული ორდღიანი, ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად. თუმცა, ეშტონის თქმით, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მხარეებს შორის გამართული დისკუსია გულახდილი იყო:
„პირველად გავხდი მომსწრე ჩვენს შორის აზრთა რეალური გაცვლა-გამოსვლისა, როცა ნამდვილად შევძელით დეტალების განხილვა, კითხვების დასმა და პასუხების იმ საკითხებზე მიღება, რომელთა განხილვაც წინსვლისთვის არის საჭირო. ამას მნიშვნელოვან ასპექტად მივიჩნევ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მთავარი შინაარსია - და ამ მხრივ ერთმანეთს კვლავაც ბევრი გვაშორებს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, ორმა მხარემ ვერ შესძლო „ურთიერთგაგების“ მიღწევა და შემდეგი შეხვედრის დრო და ადგილიც შესათანხმებელი რჩება. ამ განცხადებებს წინ უძღოდა შაბათს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის ბირთვული კრიზისის შესახებ. გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ეშტონსა და მოლაპარაკებებზე ირანის მთავარ წარმომადგენელს, საეედ ჯალილის შორის. ირანელმა დიპლომატებმა ცალკე გამართეს შეხვედრები რუსეთის და ჩინეთის დელეგაციებთანაც. ექვსი ქვეყნის - აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის - ირანთან შეხვედრა ხუთი კვირის განმავლობაში მეორედ გაიმართა ალმა-ათაში.
XS
SM
MD
LG