Accessibility links

logo-print

”საქართველოს რკინიგზა”: თავიდან აცილებულია ეკოლოგიური და სხვა საფრთხეები


ტერიტორიის გაწმენდის სამუშაო გრძელდება თბილისის აეროპორტის მახლობლად, სადაც დღეს დილით სარკინიგზო ავარია მოხდა. რელსებიდან საწვავით დატვირთული მატარებლის რამდენიმე ვაგონის გადავარდნის შედეგად, 200 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი დაიღვარა. ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებით, ერთ-ერთ ჩიხში სატვირთო მატარებლის მანევრირებისას მოხდა ავარია, რომელსაც საშიშროება არ შეუქმნია მაგისტრალზე მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების განრიგისთვის. ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებითვე, სახანძრო და სამაშველო სამსახურებთან ერთად ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომელთა შედეგად ლოკალიზებული და თავიდან აცილებულია ეკოლოგიური და სხვა საფრთხეები. ”საქართველოს რკინიგზაში” აღნიშნავენ, რომ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ და ყველა პრობლემას დღის ბოლომდე აღმოფხვრიან. ავარიის მიზეზის და ზარალის მოცულობის დასადგენად შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებლის ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობპროდუქტი ეკუთვნოდა "Ncompany"-ს, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, ზარალი სპეციალურმა კომისიამ უნდა დაითვალოს და ანაზღაურდეს. საწვავის დაღვრით გამოწვეულ დაბინძურების ხარისხს გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტორები და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ.
XS
SM
MD
LG