Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა


აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელსაც ქვეყანას რომის სტატუტის მონაწილეობა აკისრებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ჰააგის პროკურორთან გაგზავნილია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩივიან მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ”ისინი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და სხვადასხვა თანამდებობის პირებმა სავარაუდოდ, ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სხვა ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს ომის დანაშაულის ნიშნებს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი განმარტებით, საქართველოს ვალდებულებაა, რომ ეს საქმე არ აქციოს საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველად და პრობლემა თავად მოაგვაროს. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი და მთავარი პროკურორის მიზანია აგვისტოს ომის საქმე რომის სტატუტის ვალდებულებებიდან გამომდინარე თავად გამოიძიონ და თუ ამას ვერ შეძლებენ არასაკმარისი პროფესიონალიზმის, ან არასაკმარისი პოლიტიკური ნების გამო, საქართველო იძულებული იქნება ჰააგის პროცესს დაემორჩილოს. ამასთან, წულუკიანის განცხადებით, საქმის საერთაშორისო დონეზე განხილვა ქვეყნისთვის სასურველი არ არის, ამიტომ მთავარ პროკურატურაში მოძიებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების მრავალი ათეული ტომი. თუმცა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ რატომ წარიმართა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე და არა ყველა მიმართულებით. რაც შეეხება აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვას, თეა წულუკიანის განმარტებით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელიც დაკითხვის მომენტში შესაძლოა, პრეზიდენტი აღარ იყოს, დაიკითხება ბევრი სახვა მაღალჩინოსანიც მიუხედავად მოქალაქეობის და ეთნიკური წარმოშობისა.
XS
SM
MD
LG