Accessibility links

პაკისტანში პოლიციელი მოკლეს ვაქცინაციის ჯგუფზე თავდასხმისას


პაკისტანში მოკლეს პოლიციელი, რომელიც იცავდა პოლიომიელიტის ვაქცინაციაში მონაწილე პირებს. თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი პოლიციელი. ინციდენტი დღეს მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. პოლიციის ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლიდან ესროლა პოლიციელებს, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ჯგუფს ახლდნენ. ამ ცნობით, ორივე პოლიციელი გარეთ იდგა შენობასთან, რომელშიც შესული იყვნენ ქალები ბავშვებისათვის პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. დეკემბერში პაკისტანში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი მოკლეს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პროგრამაში მონაწილეებზე თავდასხმების შედეგად. პაკისტანელი ექსტრემისტების ნაწილი ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოდის - მასში მონაწილეებს ამერიკის ჯაშუშებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ვაქცინაციის მიზანი მუსლიმი ბავშვების სტერილიზაციაა.
XS
SM
MD
LG