Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი რვიანის ყურადღების ცენტრშია ჩრდილოეთი კორეა და სირია


დიდი რვიანის წევრი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „უმკაცრესად“ გმობენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ აქტივობებს. ლონდონში გამართულ შეხვედრაზე შემუშავებულ განცხადებაში მინისტრები ფხენიანს მოუწოდებენ „თავი შეიკავოს სამომავლო პროვოკაციული აქტებისგან“ და თან აფრთხილებენ, რომ რაკეტის გაშვება გამოიწვევს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას. სამხრეთ კორეის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ფხენიანს შესაძლოა საშუალო მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა აქვს მომზადებული სასროლად. დიდი რვიანის განცხადებაში სირიაზეც არის ლაპარაკი - მინისტრები „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ მზარდი ადამიანური ტრაგედიის ირგვლივ“ და კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვისკენ. სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხება 2011 წლის მარტში დაიწყო და მას შემდეგ, როგორც იუწყებიან, სისხლისღვრას 60,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დიდი რვიანი აერთიანებს ბრიტანეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, რუსეთს და აშშ-ს.
XS
SM
MD
LG